Close


RESULT




RESULT  არის შემდეგი წინადადების აბრევიატურა: research and education systems united as learning  tools ანუ კვლევის და განათლების სისტემები, გაერთიანებული როგორც სასწავლო მეთოდი, სასწავლო იარაღი. თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემას მთელ მსოფლიოში აქვს ორი ძირითადი  გამოწვევა, აქედან ერთი არის e-learning - ელექტრონული სწავლება. გამოწვევა იმაში მდგომარეობს,  რომ ძალიან ბევრი რესურსი ხდება ელექტრონული და  ადვილად წვდომადი. ასე რომ უნივერსიტეტებში სიარული არაა საჭირო იმისათვის, რომ განათლება მიიღო. შეიძლება მოუსმინო ლექციას  ინტერნეტში, ელექტრონულად მიიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის ცხოვრებაში, დარეგისტრირდე კურსზე, შეასრულო დავალებები, რაც კურსის დაძლევას სჭირდება, შემდეგ კი მიიღო ხარისხი. აქედან  გამომდინარეობს  დასკვნა, რომ  ტრადიციული უნივერსიტეტები, რომლებიც მოითხოვს უნივერსიტეტში სტუდენტის სიარულს, საჭირო აღარ გახდება.

მეორე გამოწვევა უფრო ფარულია, ეს ყველამ არ იცის, მაგრამ კარგად იციან მათ, ვინც ჩართულია კვლევაში. ეს არის სწავლების, ლექტორობის  და კვლევის დიხოტომია. ამ შემთხვევაში სწავლება მოითხოვს დიდ დროს და კარგ მკვლევარს აღარ რჩება დრო კვლევისათვის. ასე რომ სწავლით დაკავებულია  ის, ვინც არ იკვლევს, ხოლო იკვლევს ის, ვინც არ სწავლობს. შედეგად, სტუდენტი სწავლობს არა იმას, რაც აქტუალურია კონკრეტულ მომენტში სამეცნიერო სამყაროში, არამედ იმას, რაც ოდესღაც იყო აქტუალური.

 ეს ორი ძირითადი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტასაც საკუთარი მეთოდებით ცდილობენ თანამედროვე უნივერსიტეტები და RESULT არის ის გზა,  რითაც ჩვენ ვპასუხობთ ამ გამოწვევებს.

რაში მდგომარეობს RESULT-ის იდეა. როგორც სათაურიდან ჩანს, ეს არის მცდელობა, გაერთიანდეს სწავლებისა და კვლევის სისტემები. ჩვენ გვინდა, რომ კვლევა შევიტანოთ აუდიტორიაში და სწავლება დავამთხვიოთ კვლევას.

პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სწავლების ძველი მეთოდი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ლექტორი შედის აუდიტორიაში, ქადაგებს, ესაუბრება სტუდენტებს, ასწავლის  თეორიებს და მართავს დისკუსიას,  თანამედროვე სამყაროში რელევანტური აღარ არის. იქმნება ახალი თეორიები ისე, რომ ძველი თეორიების ფალსიფიკაცია ფაქტობრივად უკვე აღარ ხდება. შედეგად, რაიმე კონკრეტული თეორიების კარგად, დაწვრილებით სწავლა უშედეგოა. შესაბამისად, ეს ფორმა, როდესაც პროფესორი ქადაგებს აუდიტორიაში და მოსწავლეები მას უსმენენ, არ არის იმის შესაბამისი, რაც ხდება თანამედროვე სამყაროში.

ელექტრონული ლექციებისა და რესურსების გაცნობის შემდეგ უკვე პროფესორი აძლევს სტუდენტების ჯგუფს  კონკრეტულ კვლევით დავალებას, რომელიც უნდა შეასრულონ მთელი სემესტრის განმავლობაში და ბოლოს მოახდინონ ამ კვლევის შედეგის პრეზენტაცია. ეს არის ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უნივერსიტეტი გადარჩეს, ანუ დარჩეს 21-ე საუკუნეში ისევ იმ უნივერსიტეტად, სადაც სტუდენტის სიარული და ცოცხალი ურთიერთობა პროფესორთან აუცილებელია.

ეს მეთოდი თანამედროვე სამყაროსათვის ძალიან მნიშვნელოვან კიდევ ერთ პრობლემას ჭრის, ეს არის ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის პრობლემა. თუკი დააკვირდებით, რა ხდება თანამედროვე სამყაროში და როგორ იქმნება თანამედროვე პროდუქტები ნებისმიერ დონეზე, ნახავთ, რომ ეს ყველაფერი არის ჯგუფური მუშაობის პროდუქტი. სამყარო გართულდა. შედეგად ძალიან ცოტა რამ იქმნება ინდივიდუალურად. ამიტომ პროფესორი დავალებას აძლევს სტუდენტებს, როგორც  ჯგუფს, რაც ემსახურება იმას, რომ, ერთი მხრივ, ჯგუფმა შეასრულოს დავალება, მეორე მხრივ,  სტუდენტმა ისწავლოს ჯგუფური მუშაობა. სამწუხაროდ,  თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემაში RESULT-ის ამ მნიშვნელოვან  მხარესაც არ ექცევა დიდი ყურადღება.